შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთშიც ყველას აქვს შეგრძნება, რომ საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება არ იყო სამართლიანი, ყველა ხვდება, რომ საქართველო ლიდერია უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით
მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე როცა დადგება საკითხი საფრანგეთის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთშიც, როგორც სხვა ქვეყნებში, ყველას აქვს შეგრძნება, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება არ იყო ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება.
„საფრანგეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გამორჩეულად პროდუქტიული იყო. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრები ფრანგ კოლეგებთან, ეროვნული ასამბლეისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე კომიტეტების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დამატებითი შეხვედრებიც კი ჩაინიშნა, რადგან გამოჩნდა, რამდენად საქმიანი და პროდუქტიულია, როცა ჩვენს კოლეგებთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ. საერთო განწყობა ძალიან პოზიტიურია. საფრანგეთი ახლა უკვე სხვანაირად უყურებს გაფართოების პოლიტიკას. ამ მხრივ არის უფრო გახსნილი და უფრო აქტიური. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ საფრანგეთის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება იქნება, როცა საკითხი დადგება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც ვიგრძენით, ყველას აქვს შეგრძნება, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება არ იყო ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. ყველა ხვდება, რომ საქართველო კვლავ ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. იმსახურებს, რომ გამოსწორდეს ის წყვეტა, რაც მოხდა ასოცირებულ ტრიოს შორის, როცა ცალკე მიენიჭათ კავშირი უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო-უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე უნდა დადგნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ევროპარლამენტის გუშინდელმა დისკუსიამაც გვაჩვენა, რომ, სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომელთაც საქართველოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ ისე, რომ საკითხები სიღრმისეულად არ იციან“.
„საქართველოს მდგომარეობას ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იღებენ. კითხვაზე, რატომ არ მიენიჭა შარშან კანდიდატის სტატუსი, ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ივნისის გადაწყვეტილება დაფუძნებული არ იყო ობიექტურ კრიტერიუმებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.