შალვა პაპუაშვილი - დღეს არ არსებობს სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროება, „ევროპის სახალხო პარტიის“  განცხადება საკვირველია
შალვა პაპუაშვილი - დღეს არ არსებობს სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროება, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება საკვირველია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის არავითარი საჭიროება არ არსებობს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიის“ დღევანდელი განცხადება საკვირველია.

„არავითარი სიჯიუტე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ არსებობს. პირიქით, სიჯიუტე და პოლიტიზება ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ გინდა თუ არა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა. ყველა თანხმდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ვიცით, არც კონსილიუმი, არც იუსტიციის სამინისტრო არ ამბობს, რომ მისი დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობა რამენაირად საჭიროებს ჰოსპიტალიზებას. დღეს ამის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ „ევროპის სახალხო პარტიის“  განცხადება საკვირველია. თუკი გახდება საჭირო მისი სტაციონარში გადაყვანა, მოათავსებენ მეთვრამეტე დაწესებულებაში, სადაც არის პირობები, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ჰქონდეს. თუკი დასჭირდება მას ისეთი სახის კვლევა, რომლის შესაბამისი აპარატურა მე-18 დაწესებულებაში არ არსებობს, თუ ის არის მობილური აპარატურა, ითქვა კიდეც, მიიტანენ დაწესებულებაში და ჩაატარებენ კვლევას. ჯანმრთელობის საკითხზე შევთანხმდით, რომ მას ყველანაირი სერვისი მიეწოდება და ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული იქნება, რაც ამ დაწესებულების უპირველესი ამოცანაა.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, სასჯელაღსრულების დაწესებულების პირველი ვალდებულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულების არათუ რაიმე პასუხისმგებლობა, არამედ პირველადი ამოცანა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ადამიანი იქნება დაცული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან არის სპეციფიკური რეჟიმი, შესაბამისი კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოება დაცული იქნება. აბა, რა გგონიათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის უსაფრთხოება დაცული არ არის?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.