შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მონახულების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ უკრაინის ომბუდსმენის იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიის მიღმა არ ვრცელდება
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღის განმავლობაში საშუალოდ ხუთი ვიზიტორი ჰყავს და მისი მონახულების პრობლემა არ არსებობს.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიის მიღმა არ ვრცელდება.
„მიხეილ სააკაშვილს დღის განმავლობაში საშუალოდ ხუთი ვიზიტორი ჰყავს და მისი მონახულების პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის შეშვების საკითხს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიის მიღმა არ ვრცელდება. ომბუდსმენი არ არის მოქალაქეების დამცველი, ის არის ადამიანების დამცველი, ამ შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე აქვს. ხომ არ გინახავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი სხვა ქვეყანაში წასულიყო და საქართველოს მოქალაქეების უფლებებზე ეზრუნა. უკრაინის ომბუდსმენს არანაირი იურისდიქცია არ აქვს, ის არ არის ომბუდსმენი საქართველოს ტერიტორიაზე, ის არის კერძო პირი, უკრაინის მოქალაქე საქართველოში და მისი ამოცანა არ არის საქართველოს სახელმწიფოსგან უკრაინის მოქალაქის დაცვა. ასეთი ამოცანა აქვს კონსულსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, სააკაშვილს შეხვდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.