შალვა პაპუაშვილი - რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები და განაცხადა, რომ რუმინეთი გააგრძელებს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, ნიკოლაე ჩუკასთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.
„რუმინულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აღვნიშნე ნიკოლაე ჩუკას განსაკუთრებული წვლილი ქართულ-რუმინული ურთიერთობების გაღრმავებაში. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, ასევე ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. დეტალურად ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ხაზი გავუსვი ამჟამინდელ ისტორიულ პერიოდში რუმინეთის მხრიდან საქართველოსადმი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას. სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და ნატო-მ აღიარონ, დააფასონ საქართველოს შედეგები და ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო მისიებში. ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.