შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს, დანიელ სუჩიუს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის მტკიცე კავშირებსა და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას. დანიელ სუჩიუს თქმით, საქართველო-რუმინეთის პოლიტიკური თანამშრომლობა ისტორიულად უმაღლეს დონეზეა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო გაცვლების გააქტიურებაზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებს შორის.
„მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს უკრაინის ომზე, უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე, კავკასიის რეგიონში არსებულ კომპლექსურ ვითარებაზე, შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და საქართველოს გაწევრიანებაზე ევროკავშირსა და ნატო-ში.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და მოლოდინებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ აღარ მოხდება საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ქვეყნებისგან და წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, დაიწყებს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
დანიელ სუჩიუმ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.