შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრივზე მაღლა მისი პირადი დღის წესრიგი დააყენა
როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრივზე მაღლა მისი პირადი დღის წესრიგი დააყენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას არათანმიმდევრულობა აჩვენა.
„სამწუხაროა იმ კუთხით, რომ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობას გადაწყვეტილებების მხრივ. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და შემდეგ ვნახეთ, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებში არათანმიმდევრული იყო. როგორც ჩანს, მისი პირადი დღის წესრიგი დააყენა უფრო მაღლა, ვიდრე ის სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი, რომელზე პასუხისმგებლობაც ჩვენ, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ ერთად ავიღეთ.
როგორც ჩანს, ფიქრობენ პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას. ვნახოთ, რა სახის იქნება ეს და მერე შევაფასოთ. მათ თავადაც განაცხადეს, რომ ისინი თავს თვლიან გიორგი გახარიას გუნდის წევრებად. ზოგადად ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ანაქრონიზმია ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ერთი ლიდერის გუნდის წევრად მიიჩნევ საკუთარ თავს. „ქართული ოცნება“ არის რამდენიმე ლიდერის გუნდი. როგორც ჩანს, იქით იქნება ერთი ადამიანის გუნდი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.