გიორგი ხოჯევანიშვილი - გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე
გიორგი ხოჯევანიშვილი - გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე

გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილის თქმით, ბექა ლილუაშვილთან, ანა ბუჩუკურთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, მიხეილ დაუშვილთან, შალვა კერესელიძესთან ერთად დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩენ დღეიდან გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

ჩვენ ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები და ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად სამომავლოდ მოგახსენებთ. ჩვენი თანამოაზრე არის ასევე მიხეილ დაუშვილი. ის ამჟამად არის კოვიდინფიცირებული, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, მალე შემოუერთდება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მედიის წინაშე ოთხ კოლეგასთან ერთად წარდგა.