შალვა პაპუაშვილი - როდესაც ვხედავთ მკაცრი კანონის მიღებას საფრანგეთში და გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება
შალვა პაპუაშვილი - როდესაც ვხედავთ მკაცრი კანონის მიღებას საფრანგეთში და გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება

მკაცრი კანონის მიღებას როდესაც ვხედავთ საფრანგეთში და გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს სერიოზული მიდგომა არ არის.

„კვლავ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის და ზოგს თავისი თავი ჰგონია იუპიტერი, ჩვენ ვგონივართ ხარი. ეს სამწუხარო დამოკიდებულებაა. ქართველი ხალხი ისტორიულად შეჩვეული ვართ, რომ ასე ზემოდან გვიყურებდნენ ხოლმე, ბოლოს მეოცე საუკუნეში იყო, როდესაც ზემოდან გვიყურებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი სათქმელი გვეთქვა. სინამდვილეში, საფრანგეთის კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული. მაგალითად, საფრანგეთში რომ არსებობდეს მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა, მას მოუწევდა ფინანსური დეკლარაციების გასაჯაროება. ციხეში ჩასვამდნენ იმას, ვინც ამას არ გააკეთებდა. თვალთვალის ქვეშ იქნებოდა, მათ შორის, მათი კომპიუტერული თუ სხვა კომუნიკაცია. ეს იქნებოდა „სირცხვილიას“ ბედი, საფრანგეთში რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისგან დაფინანსებული, მაშინ როდესაც „სირცხვილია“ საქართველოში ფინანსდება ევროკავშირის მხრიდან და მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება – შეავსოს დეკლარაცია და გაასაჯაროოს. მორჩა, სხვა არანაირი ვალდებულება არ აქვს. თუ დაარღვევს ამ წესს, ერთადერთი რეაგირებაა ჯარიმა, მეტი არაფერი.

როდესაც ვხედავთ მკაცრი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ამ ორ კანონთან დაკავშირებით ვუყურებთ რეაქციას სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების მხრიდან უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება, იმისდა მიხედვით, რა ზომის არის ქვეყანა. რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენზე სხვანაირი შეფასებებია, სხვა რომ დიდი ქვეყანაა, იქ სხვანაირი შეფასებაა. ქართველი ხალხი ისტორიულად შეჩვეულია, რომ ასეთებს ცდილობდნენ ხოლმე სხვა ერები, მაგრამ არავის ბოლომდე არ გასვლია და არ მგონია, ეს სერიოზული მიდგომა იყოს ამ მომენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.