შალვა პაპუაშვილი - როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა
შალვა პაპუაშვილი - როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა

როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხვალ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“, რომელიც ძალადობრივი აქციებითაა ცნობილი.

„ამბობენ, რომ 24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის წინ სურთ, როგორღაც თითქოს, ხმა გააგონონ, ხალხის მზაობა აჩვენონ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა. მოთხოვნებს ვხედავთ, დაწყებული იმით, რომ გავყაროთ ეს ხელისუფლება და დამთავრებული, სხვათა შორის, გიგა ბოკერიას ჰქონდა განცხადება – სისხლისღვრა და ასე შემდეგ. ამ ტერმინების გამოყენება, მოვლენების განვითარების მაიდანთან შედარება, თავიდანვე აჩვენებს, რომ არის დესტრუქციაზე მიმართული აქცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.