შალვა პაპუაშვილი - რეზოლუციის პროექტში რუსეთისთვის სანქციების ღია მოთხოვნით, ნათელი გახდა, რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება
შალვა პაპუაშვილი - რეზოლუციის პროექტში რუსეთისთვის სანქციების ღია მოთხოვნით, ნათელი გახდა, რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება

ევროპარლამენტის რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული.

„სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც. ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზიანებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ, ამ რეზოლუციით, ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში. ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.