შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ საქართველო ინსტიტუციური განვითარების მხრივ რეგიონში მოწინავეა, არცერთი ქვეყნის საქმე არ არის ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება, ამას განსაზღვრავს ხალხი
არცერთი ქვეყნის საქმეს არ წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება, ქართველი ხალხი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არასწორად ვითარდება, თუმცა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ სახელმწიფოს აირჩევს.
„ყველა ქვეყნის მიმართულებას განსაზღვრავს მისი ხალხი. ვფიქრობ, მისი ფრაზის მეორე ნაწილი არის მნიშვნელოვანი. არცერთი ქვეყნის საქმეს არ წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება. ეს არის მთავარი. ქართველი ხალხი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მიმართულებას და, მგონი, განსაკუთრებით ბოლო ათმა წელმა აჩვენა ჩვენი ქვეყნის პროგრესი. მათ შორის, იქნება ეს ინსტიტუციის განვითარება თუ სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიის კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, კულებას ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს, რომ უკრაინის ომში გამარჯვება საქართველოს ძლიერ პარტნიორს დააკარგვინებს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ საქართველო ყველას თანაბარ პარტნიორად განიხილავს.
„ჩვენ ყველას განვიხილავთ თანაბარ პარტნიორად. არ ვიცი, ვინმე თუ განიხილავს თავს გამწევ ძალად. ჩვენ ყველას განვიხილავთ თანაბარ პარტნიორად და ასე იყო აქამდე. ეს ურთიერთობა, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ამას გულისხმობდა, რომ ვართ თანაბარი. არ მგონია, ვინმე თავის თავს თვლიდეს გამწევად ან ვიღაცას, ვინც უნდა გაწიონ. ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ დღეს, გუშინ, შარშან და ბოლო წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წუთებში დაამტკიცა ერთი რამ, რომ თუკი ვინმე რეგიონში არის სწორედაც რეფორმების, ინსტიტუციური განვითარების მხრივ მოწინავე, ეს გახლავთ საქართველო. მათ შორის, ბევრ სფეროსთან დაკავშირებით უკრაინასთან შედარებითაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.