შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი არ აჰყვა სპეკულაციებს, ნარატივებს, რომლებსაც ავრცელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, სიმართლით, სახელმწიფოს სიძლიერით და განვითარებით, მივიღეთ სტატუსი
ჩვენ შევძელით ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ მცდარი იყო შარშანდელი გადაწყვეტილება და ერთადერთი სწორია ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ვულოცავ ყველას ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ნამდვილად ჩვენი, ყველას საერთო დამსახურება. დამსახურება იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც ჩვენ გვაცილებდა კანდიდატობის სტატუსს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოსი, რომელიც სამწუხაროდ, შარშან არ იყო დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ დამსახურების მიხედვით, ჩვენ ეს გვეკუთვნოდა. ჩვენი, ყველას საერთო დამსახურებაა, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შარშან ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ერთი მხრივ, სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს, რათა ინსტიტუციურად არ დარჩენილიყო არც ერთი კითხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ჩვენ, ქართველი ხალხი დავდექით სიმართლის მხარეს. ქართველი ხალხი არ აჰყვა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის სხვადასხვა სახის სპეკულაციებს, იმ ნარატივებს, რომლებსაც ავრცელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი სიმართლით და ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერით და განვითარებით, როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური მხრივ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საკითხში იყო უშუალოდ ჩართული.
„ეს განსაკუთრებით ეხება საჯარო მოხელეებს, რომელთა ყოველდღიური შრომის შედეგია ეს ყველაფერი; ჩვენს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო, ვინაიდან ეს იყო ურთულესი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის, მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციისა ევროპულ დედაქალაქებში; ჩვენს დიპლომატებს სხვადასხვა ქალაქში და პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ საკითხით იყვნენ ჩართული, როგორც საკანონმდებლო მუშაობის, ისე უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის მხრივ. ჩვენ შევძელით ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ მცდარი იყო შარშანდელი გადაწყვეტილება და ერთადერთი სწორია ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.