შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი შარშან დაიჩაგრა, მნიშვნელოვანია, წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და შრომა
ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია გახდა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში. ევროკავშირმა განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ამას უნდა შეხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „შარშან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პერიოდმა დაგვანახა, რომ ეს გადაწყვეტილება გახდა იარაღი პოზიციის ხელში, რათა რადიკალიზმი გაეღვივებინათ. სწორედ ის არის ყველაზე სამწუხარო, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია გახდა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში. ევროკავშირმა განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ამას უნდა შეხედოს“.
მისივე თქმით, ამ წელიწად-ნახევარმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებისას საქართველო ობიექტურად ლიდერია.
„ამას ადასტურებს არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები, სადაც საქართველო სტაბილურად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ეს იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგები, სამართლის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლება თუ სხვა რეიტინგები. თავად ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. სწორედ ის არის მთავარი, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი შარშან დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, რომ წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და შრომა. ის ინსტიტუციები სწორედ ქართველმა ხალხმა ააშენა, რომელიც ასე შექებულია სხვადასხვა რეიტინგებსა და შეფასებებში. ეს დაფასებულია ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.