შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელშიც ყველაზე ძლიერად არიან წარმოდგენილი ქალები
„ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელშიც ყველაზე ძლიერად არიან წარმოდგენილი ქალები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქალთა პარტიული ორგანიზაცია, რომელშიც წარმოდგენილი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, ბიზნესმენები და სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ქალები. „ქართული ოცნება“ როგორც სახელმწიფო თანამდებობებზე წარმომადგენლობით, მათ შორის პარლამენტში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პარტიის წევრი ქალების წარმომადგენლობით, არის ყველაზე ძლიერი პარტია. ჩვენ შიდა პარტიული დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ვაქცევთ ამ საკითხს ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით, ყველაზე გასაკვირი არის ოპოზიციის პოზიცია. არ მიკვირს პოზიცია, რომელიც აქვთ, მაგალითად, ფემინისტურ ორგანიზაციებს და აქტივისტებს, რომლებიც შეიძლება, ამ საკანონმდებლო ვალდებულების მომხრეები იყვნენ, მაგრამ მიკვირს ოპოზიციის. ვინმე მათ უშლის, რომ ჰქონდეთ შიდა პარტიული კვოტები და იზრუნონ სათანადო წარმომადგენლობაზე? ვინმე ხომ არ უშლის და რა გამოდის, რას ითხოვენ „ქართული ოცნებისგან“, კანონით ვაიძულოთ, და თუ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები კანონით არ ვაიძულეთ, საკუთარ პარტიებში ქალების ჩაგვრას დაიწყებენ, თუ რა მოხდება?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვლმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხშიც ფარისევლობს.
„საკუთარი დამფინანსებლების დასანახად უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს კვოტირების მომხრე არიან, სინამდვილეში კი კულისებში საუბრებიც არის და ძალიან კარგად ვიცით სხვადახვა პარტიის პოზიცია, რომ ამ გადაწყვეტილების მომხრეებიც იყვნენ, კვორტირების გაუქმების. თუ არადა, მოვა შემოდგომა, შევხედავთ ოპოზიციური პარტიების სიებს და ვნახავთ, ექნებათ თუ არა თავიანთ პარტიებში დაცული ის კვოტა, რაც მანამდე არსებობდა კანონში. „ლელომ“ განაცხადა, რომ, კვოტის გაუქმების მიუხედავად, მაინც ამ კვოტის მიხედვით იმოქმედებენ. მათ ამას არავინ არ უშლის, დადონ პირობა, რომ ამ კვოტის მიხედვით დააკომპლექტებენ საკუთარ პარტიულ სიას და შევხედავთ; ოქტომბერში ესეც კარგი ტესტი იქნება მათი ამომრჩევლისთვის, ისინი გულწრფელი იყვნენ თუ არა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.