შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ფიცი იწყება იმით, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ერთგული, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასე აშკარად და უხეშად არღვევს კონსტიტუციას
პრეზიდენტის ფიცი იწყება იმით, რომ ის იღებს ვალდებულებას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და როდესაც ასეთი მანიპულაციაა, თითქოს 78-ე მუხლი ამბობს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა აკეთოს, ასე, რა თქმა უნდა, არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, არ ახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ასე აშკარად ამას თავადვე ამბობდა.
„საგარეო წარმომადგენლობას რაც შეეხება, ზუსტად ეს არის კონსტიტუციაში განსაზღვრული, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ეს განახორციელოს, თუკი მთავრობა მისცემს მას თანხმობას. პრეზიდენტი ფიცი იწყება იმით, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ერთგული, ამიტომაც არის კაზუსი ასეთი სამწუხარო, რომ ის ასე აშკარად და უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ჩვენს წარსულში პრეზიდენტებთან დაკავშირებით გვქონდა სხვადასხვა გამოცდილება, მათ შორის ერთი ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს იხდის, რადგან მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მე არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ასე აშკარად ამას თავადვე ამბობდა.
იმის თქმა, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია, თუ რა წესი დაადგინა ქართველმა ხალხმა და ის მოქმედებს საკუთარი წესებით, ეს არის სწორედ არაევროპული ამ ყველაფერში. თუკი რაიმეა შორს ევროპისგან, ეს არის ის საქციელი და ქმედებები, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს პრეზიდენტისგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ქცევა, რომელიც არ ემორჩილება ხალხის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციას და საკუთარ წესებს ქმნის, რა თქმა უნდა, ეს, საბოლოო ჯამში, მიმართულია რადიკალიზაციისკენ.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რამდენად გააღრმავებდა ეს პოლიტიკურ პოლარიზაციას, მაგრამ რასაც საჯაროდ ვსაუბრობთ, იქაც ვთქვით, არ არსებობს მიზეზი, რომ გაამართლოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. საუბარი იყო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე. თუკი რამე რუსულია, ეს არის წინააღმდეგობა წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ. რუსულია ის, როდესაც ადამიანი მიჰყვება არა წესებზე დამყარებულ ურთიერთობებს, არამედ აწესებს საკუთარ წესებს. ჩვენ გუშინ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ ის არ აპირებს, დაემორჩილოს ქართველი ხალხის მიერ დადგენილ წესებს და აპირებს, თავისი წესები ჰქონდეს, რადგან მას ასე მიაჩნია სწორად. რამდენად შეიძლება, ხელი არ შეუწყოს დეპოლარიზაციას იმპიჩმენტის თემამ, ეს მაგ კონტექსტში იქნა ნათქვამი შეხვედრაზე. ამას ჩვენც ვამბობთ, რომ პრეზიდენტის ქცევა, რომელიც არ ემორჩილება ხალხის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციას და საკუთარ წესებს ქმნის, რა თქმა უნდა, ეს, საბოლოო ჯამში, მიმართულია რადიკალიზაციისკენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.