შალვა პაპუაშვილი - „პოლიტიკოს“ სტატიაში არის გარკვეული უხერხულობა, რომ, ერთი მხრივ, თითქოს მოწოდებაა საქართველოს მიმართ, კანონი არ მიიღოს და თავად ევროკავშირი ასეთი სახით იღებს კანონს
„პოლიტიკოს“ სტატიაში საქართველოზეც არის მითითება და არის გარკვეული უხერხულობა, რომ, ერთი მხრივ, თითქოს მოწოდებაა საქართველოს მიმართ, რომ კანონი არ მიიღოს და თავად ევროკავშირი ასეთი სახით იღებს კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „პოლიტიკოს“ სტატიაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე.
„მგონი, ემოციები დაცხრა, ყველას შეუძლია, ნელ-ნელა დაუბრუნდეს შინაარსსა და საგანს, ამაზე იმსჯელონ. საზოგადოების რეაქცია ვნახეთ, მათ შორის იმედგაცრუება იმ ხალხის მიმართ, ვისაც თავში ჩაუდეს პროტესტის აღქმა და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამის უკან იდგა კარგად დადგმული პიარკამპანია, რომლითაც შეეცადნენ, რომ სტიგმატიზებისა და იარლიყების მიკერებით აეგორებინათ სახალხო მღელვარება. ქართული საზოგადოება სწორედ ამიტომ არის ძლიერი, რომელმაც 90-იანი და 2000 წლები გამოიარა. საზოგადოება ემოციების დაცხრომის შემდეგ ყველაფერს სწორად აანალიზებს და ხედავს. ვნახეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირშია, სხვა ქვეყნებშიც აჟღერებენ და აპირებენ კანონების მიღებას. ამ სტატიაში საქართველოზეც არის მითითება და არის გარკვეული უხერხულობა, რომ, ერთი მხრივ, თითქოს მოწოდებაა საქართველოს მიმართ, რომ კანონი არ მიიღოს და თავად ევროკავშირი ასეთი სახით იღებს კანონს.
ჩვენ ვთქვით, რომ არ ვაპირებთ, ამ კანონის განხილვას დავუბრუნდეთ, თუმცა ამ დისკუსიამ თავისი შედეგი გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდა. შემდეგ ჯერზე, როცა იქნება ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან საეჭვო ქმედებები, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, მედია და პოლიტიკოსები იკითხავენ, რა ფინანსური ინტერესები დგას ამის უკან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.