„პოლიტიკო“ - ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება
„პოლიტიკო“ - ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება

ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ სამმა წყარომ დაუდასტურა.

როგორც მედიასაშუალება წერს, დაგეგმილი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ ძალიან საწყის ეტაპზეა, ეხმაურება ანალოგიურ ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონის ვეროკავშირისეული ვარიანტი მიმართული იქნება ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, თუმცა აიძულებს ევროკავშირის შიგნით როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის ფარგლებს გარედან მიღებული შემოსავალი. კანონპროექტმა დასრულებული სახე მაისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ევროპა ებრძვის უცხოური გავლენის მთელ რიგ ოპერაციებს, მათ შორისაა რუსეთის კიბერთავდასხმების შედეგად ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც მიმართულია არჩევნების შედეგების შესაცვლელად, ჩინეთის გრანტები უნივერსიტეტებისთვის, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების საკითხზე რიტორიკის ფორმირება და სულ ბოლო, ე.წ. კატარგეიტის კორუფციული სკანდალი, რომელმაც ევროპარლამენტი შეძრა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი გამოაცხადა, რამაც საფუძველი დაუდო უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას, რასაც იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა ხელმძღვანელობს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა არასათანადო დროს დაიწყო. ევროკავშირმა საკანონმდებლო ინციიატივაზე მუშაობა გაააქტიურა სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ანალოგიური კანონპროექტის გამო, რომელმაც უნდა აიძულოს ორგანიზაციები, დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნიდანაა. ეს კანონპროექტი, რომელიც ფართოდ აღიქმებოდა, როგორც რუსული მაგალითის მიხედვით სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მცდელობა, გაიწვიეს გასულ კვირას მასობრივი პროტესტის შემდეგ.

„ეს აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ დაინტერესებული მხარეების ფართო წრისგან ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიყენებთ“, – განაცხადა „პოლიიტკოსთან“ ევროკომისიის წარმომადგენელმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ თუკი ევროკავშირი მიიღებს ამერიკული FARA-ს საკუთარ ვერსიას, ისეთმა გავლენიანმა პირებმა, როგორც არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, შეიძლება, ის იარაღად გამოიყენონ თავიანთ ქვეყანაში პროდემოკრატიულ ძალებზე ზეწოლისთვის. „პოლიტიკოს“ წყაროს ცნობით, არსებული შეშფოთებების გასაქარწყლებლად ევროკომისარი ვერა იუროვა მიმდინარე კვირაში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრების სერიას გამართავს.