შალვა პაპუაშვილი - პერსონალიები ვერ იქნება საკანონმდებლო შეთანხმების ნაწილი, თამარ ჟვანია გარკვეული პერიოდით არის არჩეული, ეს საკითხი მემორანდუმის განხილვის საგანი არ არის
შალვა პაპუაშვილი - პერსონალიები ვერ იქნება საკანონმდებლო შეთანხმების ნაწილი, თამარ ჟვანია გარკვეული პერიოდით არის არჩეული, ეს საკითხი მემორანდუმის განხილვის საგანი არ არის

სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ, რომ წარმოადგინონ დამატებით მოსაზრებები, თუ რა შეიძლება დამატებული იყოს რეფორმის პროცესში, მათ წინადადებებს ველოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციებისგან მოვისმინეთ პოზიტიური გამოხმაურება მემორანდუმის ტექსტზე. მემორანდუმი გაფორმდა „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელსაც „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ, ეს ტექსტი იყო ფასილიტატორებთან ერთად მოლაპარაკებების დროს შედგენილი და შეგვიძლია, ვიგულისხმოთ, რომ არსებობს მეტ-ნაკლებად პოლიტიკური კონსენსუსი. სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ, რომ წარმოადგინონ დამატებით მოსაზრებები, თუ რა შეიძლება დამატებული იყოს რეფორმის პროცესში. მათ წინადადებებს ველოდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე კვლავ იქნება თუ არა თამარა ჟვანია, პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ცესკო-ს თავმჯდომარე გარკვეული ვადით არის არჩეული და ეს საკითხი მემორანდუმის განხილვის საგანი არ არის“.

„მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები, მოთხოვნა ეხება პროცედურებს და სისტემას. სწორედ ამაზე იყო კონცეტრირებული მოლაპარაკებების პროცესი. პერსონალიები არ არის მემორანდუმის საკითხი. მემორანდუმი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს, რომ მოხდეს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება. ყველა პრეტენზია, რაც წაყენებული იყო ცესკო-ს მიმართ, ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. პერსონალიები ვერ იქნება საკანონმდებლო შეთანხმების ნაწილი. თამარ ჟვანია გარკვეული პერიოდით არის არჩეული. ყველა მოლაპარაკების პროცესში „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი პოზიცია, პერსონალიებზე შეთანხმება არ ხდება. ადამიანები არ შეიძლება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმია, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.