შალვა პაპუაშვილი - პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია, ვინაიდან ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანს და არა ჩაანაცვლონ ისე, რომ მას ღირებულება დაეკარგოს
სულიერების კრიზისი მეტ-ნაკლებად არის სამყაროში და მას, გარკვეულწილად, ტექნოლოგიებიც უწყობენ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც პატრიარქი აღნიშნავს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია“.
პაპუაშვილის თქმით, პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია.
„ევროპის ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებაზე როცა ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ ადამიანზე, ინდივიდზე. ადამიანი და ინდივიდი არის სწორედ ქრისტიანობის ამომავალი წერტილი. აქ არის მთავარი თანხვედრა ქრისტიანობისა და თანამედროვე ევროპული კულტურისა, და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ექმნება საფრთხე. ინდივიდი რაღაცნაირად ზავდება მასაში, აღარ ჩანს მისი განსაკუთრებულობა, მას ანაცვლებს სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალება. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არის ნაწილი განვითარებისა, მაგრამ ადამიანების, ინდივიდების სულიერებასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მხრივ პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია ყველა ამ მიმართულებით, ვინაიდან ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანს და არა – ჩაანაცვლოს ისე ადამიანი, რომ მას ღირებულება დაეკარგოს. მთავარი ღირებულება და ფასეულობა სამყაროში არის ადამიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.