შალვა პაპუაშვილი - პატივს მივაგებ იუნკერების ხსოვნას, ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს
შალვა პაპუაშვილი - პატივს მივაგებ იუნკერების ხსოვნას, ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, ტრაგედიასთან ერთად, სიამაყეა იმის გახსენება, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები სიმამაცით შეებრძოლენ დიდ არმიას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ სამშობლოს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, რომელიც არის ნაზავი ტრაგიზმისა და სიამაყის. იუნკერები – ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც თბილისის შემოსასვლელში, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ და ეს იყო ტრაგედია, მაგრამ ამავე დროს, ეს არის სიამაყე, როდესაც ვფიქრობთ იმ სიმტკიცეზე, სიმამაცეზე, იმ სულის გაუტეხლობაზე, რომლითაც ეს ახალგაზრდა ჯარისკაცები შეებრძოლენ დიდ არმიას, არ შეუშინდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს არის, ამავე დროს, დღე და ბრძოლები, რომელშიც ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად, გვერდით ედგნენ ჩვენი გმირი ქალები. მარო მაყაშვილი ამ დღეებში დაიღუპა. ის პირველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის გამორჩეულია თავისი სიმამაცით, თავდადებით და იმ საქმით, რომელსაც ის, როგორც მედდა, ამ ბრძოლაში აკეთებდა.

მართალია, ეს ბრძოლა იაღლუჯთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან იყო 101 წლის წინ, მაგრამ ის დღემდე არ დასრულებულა. ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არის ჩვენი თაობის მიერ ბოლომდე მისაყვანი. მინდა, იუნკერების ხსოვნას პატივი მივაგო. ასეთი დღეები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათი ხსოვნა იყოს მაგალითი ჩვენი ყველა თაობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.