შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში აკრედიტაციის წესზე დეზინფორმაციული კამპანიაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში აკრედიტაციის წესზე დეზინფორმაციული კამპანიაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„ზიზღის კამპანიის გარდა, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან წარმოებს, ასევე არის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც აგრეთვე წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. გუშინ მე გამოვეხმაურე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა განცხადება პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერებასთან დაკავშირებით. კრიტიკულად გამოეხმაურა ამ ფაქტს. საქმეც ისაა, რომ მისი გამოხმაურება გამოწვეული იყო იმ დეზინფორმაციული კამპანიით, რომელიც აკრედიტაციის შეჩერების და, ზოგადად, აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით წარმოებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან (მედიასაშუალებები, კი ბატონო, შესაძლოა, ამ საქმეში მიკერძოებული და სუბიექტური ხართ), რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან. საქართველოს პარლამენტის და აკრედიტაციის წესის, სისტემის მიმართ სწორედ ეს ცილისმწამებლური კამპანია გახდა საფუძველი, რომ ეუთო-ს წარმომადგენელმაც კი გააკეთა კრიტიკული განცხადება, რაც, რა თქმა უნდა, აცდენილი იყო სიმართლეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ინფორმაციით, აკრედიტაციის სისტემის შემოღებიდან პარლამენტში 23 000-მდე შესვლა განხორციელდა ჟურნალისტების მხრიდან და მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება.

„აკრედიტაციის სისტემა არსებობს 2023 წლის მარტიდან. არსებობდა სისტემა, როდესაც ყოველ ჯერზე ხდებოდა საშვების დაშვება. აკრედიტაციის სისტემის შემოღებით, თქვენ, ყველას, გაქვთ ერთწლიანი აკრდიტაცია, რაც ნიშნავს, რომ როგორც ნებისმიერი თანამშრომელი და პარლამენტის წევრი, შემოდიხართ პარლამენტში, მუშაობთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, წერთ და გაქვთ ინტერვიუები მასთან, ვინც გსურთ. აკრედიტაციის ყველა სისტემას აქვს თავისი წესი. არის სამი მარტივი წესი. ერთი – არ შევიდეს ჩართული კამერით სხვის ოთახში, თანამშრომლის თუ პარლამენტის წევრის; მეორე – არ იყოს ტელეფონების, დოკუმენტების გადაღება, რომ არ გამჟღავნდეს პერსონალური თუ სახელმწიფო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს; მესამე – განსხვავებით ბევრი სხვა პარლამენტისგან, ჩვენთან არ არის წინასწარ თანხმობის საჭიროება ინტერვიუზე, ჟურნალისტს შეუძლია, პირდაპირ დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ თუკი რესპონდენტს არ სურს გაგრძელება, ეს ინტერვიუ უნდა დამთავრდეს, არ უნდა იყოს დევნა კორიდორებში. ყველა ჟურნალისტი, ვინც აკრედიტაციას იღებს, ეთანხმება ამ წესს. როდესაც ეს წესი ირღვევა, და ფაქტია, რომ ირღვევა, ყველაფრის დოკუმენტირებაა, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი რეაგირება. მას შემდეგ, რაც შემოღებული იქნა აკრედიტაციის სისტემა, 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა ჟურნალისტების მხრიდან. 23 000 შემოსვლიდან მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება. ერთი თვის განმავლობაში ჩერდება აკრედიტაცია. აქედან ცხრა შემთხვევა იყო 2023 წელს, ხუთი შემთხვევა იყო 2024 წელს, რაც წარმოადგენს საერთო შემოსვლების 0,006 პროცენტს. ერთი მხრივ, ეს ადასტურებს და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ჟურნალისტები, ზოგადად, მოქმედებთ წესების ფარგლებში, იცავთ ამ წესებს. როდესაც არის დევიაცია და ექსტრემული შემთხვევები, ამაზე რეაგირება ხდება. ამ ყველაფერზე, უკვე ერთი წელია, დეზინფორმაციულ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ, მათ შორის, ევროკავშირიდან დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები. არაერთხელ მქონდა საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს რეაგირება. 9 პუნქტიდან ერთი არის დეზინფორმაციის არდაშვება, მეორე – პოლარიზაციის შემცირება. ერთშიც და მეორეშიც, როგორც დეზინფორმაციის გავრცელებაში, ასევე პოლარიზაციის გაღრმავებაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნაწილობრივ, მათ შორის, ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამიტომ ევროკავშირის პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს შემთხვევები გამოიკვლიოს და სადაც ევროკავშირის ფულით მოქმედი ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას, სადაც ევროკავშირის ფულით მოქმედი ორგანიზაციები აღრმავებენ პოლარიზაციას, ამაზე ჰქონდეთ რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება აქტივისტების მიმართ ძალადობის საკითხზე დასმულ კითხვას, პაპუაშვილის თქმით, ყველა ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.

„შეგიძლიათ, შსს-ში მოიკითხოთ, გამოძიების მსვლელობა როგორ მიდის. ზუსტად ეს არის, მათ შორის, დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, თითქოს გამოძიება არ მიდის და რეაგირება არ ხდება. ცილისწამებისა და დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი იყო, მათ შორის, დაკავშირება იმ ფაქტთან და აქტთან, რომელიც ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელს შეემთხვა, რაც არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, ცილისწამება. ამის მიზანი ზუსტად არის კვლავ ზიზღის გაღვივება ხელისუფლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.