შალვა პაპუაშვილი - ორ ოპოზიციონერს მაინც რომ ეფიქრა საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, „ევრონესტის“ რეზოლუცია ინიციირებული იქნებოდა, სამწუხარო პოზიცია ჰქონდა უკრაინის დელეგაციასაც
შალვა პაპუაშვილი - ორ ოპოზიციონერს მაინც რომ ეფიქრა საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, „ევრონესტის“ რეზოლუცია ინიციირებული იქნებოდა, სამწუხარო პოზიცია ჰქონდა უკრაინის დელეგაციასაც

ოთხი ოპოზიციონერი იყო ბრიუსელში, ორს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუცია ინიცირებული იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის მხრიდანაც, რომელთა წევრებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად არ არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად იმისა, რა პარტია ჰქვია, პარტიული არის თუ არა ადამიანი, ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ რეზოლუციის პროექტს ხელმოწერა ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ასევე მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა და საჭირო იყო კიდევ ორი ხელმოწერა. ოთხი ოპოზიციონერი იყო იქ, ორს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, რეზოლუცია იქნებოდა ინიციირებული.

ასევე სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის. აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება ვნახეთ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლისგან იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომლის გამოც არ უჭერდნენ მხარს რეზოლუციას, თითქოს საქართველოში ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. საბოლოო ჯამში, უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, როდესაც ვსვამ კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის მიმართ, რომ რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი, საქართველოს დროშაზე თუ სხვა ქვეყნის დროშებზე? ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო აღარ არის სამშობლო და სახელმწიფო, ისინი მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების ინტერესებით და არა საკუთარი ხალხის, ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებითაც, სადაც ჩანს, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამოც „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიციირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი შეძახილებით დახვდა, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არის გასაგები, რადგან პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი. ჩვენ ღალატის ისტორიები ვიცით წარსულიდან, გადმოცემით, დღესდღეობით ამას  ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.