შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტის ფორმის შეცვლა დათმობა არ არის, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტის ფორმის შეცვლა დათმობა არ არის, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა

დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომისთვის გარკვეული პროგრესით იქნება.

„ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომისთვის ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა. ჩვენ ამ პროგრესისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ – საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შევქმენით და დავდეთ პროდუქტი, რომელზეც არსებითი რაიმე კრიტიკა არ არის. როგორც ჩანს, ამ პუნქტებს შინაარსობრივად ყველა თუ არა, ბევრი ეთანხმება. ასევე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუ ეს მაინც და მაინც მათი სურვილია. რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან საჭიროა საფუძვლის არსებობა. საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ შედეგებზე მოქალაქეების ნება არ აისახა და ეს უნდა დადასტურდეს, ამის შესაძლებლობა არის საგამოძიებო კომისია.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ოპონენტების მხრიდან საუბარია მხოლოდ ცარიელ ჰაერზე, მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ, თუ რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარშე არჩევნები. რიგგარშე არჩევნებზე არათუ ვფიქრობთ, არამედ ვთავაზობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ პროცენტიანი გადახრა დადასტურდება, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაინიშნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ხვალ კანცელარიასთან აქციის ნაცვლად მსვლელობა გაიმართება, ხოლო 13 მარტისთვის დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო.