შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ინიცირებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმებას, არამედ თანასწორობის პრინციპებს, ჩვენი პროექტი კი ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას
ჩვენს მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი პირდაპირ ასახავს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, ასევე მის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება.
„მომავალ კვირას, უქმეების შემდეგ, პარლამენტი უკვე დაიწყებს ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს და შემდეგ უკვე პროცედურების შესაბამისად მოჰყვება სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე განხილვა. პროცედურების შესაბამისად მოხდება ამნისტიის კანონპროექტის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, საბოლოო ჯამში ჩაერთვებიან ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვაში და ჩვენ შევძლებთ შეთანხმებული ვარიანტის მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ვერსია პირდაპირ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას ორი მიზეზის გამო.
„პირველი – ვინაიდან ის ეხება მხოლოდ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და მეორე, ვინაიდან ისინი დაზარალებულად აღიარებენ მხოლოდ აქციის მონაწილეებს და არა პოლიციელებს. ამ ბოლო საკითხით ის არა მხოლოდ შეთანხმებას ეწინააღმდეგება, არამედ ეწინააღმდეგება ზოგადად თანასწორობის პრინციპებსაც. რაც შეეხება ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ის პირდაპირ ასახავს არა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, ასევე მის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.