შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციიდან პირდაპირი შეტევაა საუბნო საარჩევნო კომისიებზე, რათა ჩაშალონ დათვლის პროცესი
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციიდან პირდაპირი შეტევა მიდის საუბნო საარჩევნო კომისიებზე, რათა ჩაშალონ დათვლის პროცესი.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც უბნებზე ხმაურია.
„ვაკვირდებით ბოლო პერიოდი, რომ მიდის პირდაპირი შეტევა საუბნო საარჩევნო კომისიებზე. ჩვენ ერთ-ერთ წინა ბრიფინგზე განვაცხადეთ, რომ იყო მცდელობები და გეგმები, რომ ჩაეშალათ დათვლის პროცესი. ვხედავთ, რა ხდება ზუგდიდში, ასეთი სიტუაციაა ბევრ სხვა უბანზე. არის პირდაპირი მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ უბანში დათვლის შესაძლებლობები, არ უშვებდნენ ბიულეტენებით უბნის წარმომადგენლებს, რომ მიეტანათ ეს ოქმები საოლქო კომისიაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ზუგდიდში. იცით, რომ სამი ინციდენტი იყო ზუგდიდში, რამდენიმე ინციდენტიდან, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, ზუგდიდი გამოირჩეოდა განსაკუთრებით. გრძელდება ეს მეთოდები და ცდილობენ, ჩაშალონ, ზეწოლის ქვეშ არიან იქაური კომისიის თავმჯდომარეები. შეეშვან ამ ზეწოლას, მედიის საშუალებებს მოვუწოდებ, რომ არ გასცდნენ საკუთარ ფუნქციებს, როგორც მედია და ნუ გადავლენ, ნუ არიან შეტევაზე კომისიის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.