შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას საგამოძიებო კომისია არ სჭირდება, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებით, დასკვნის გამოტანა შეიძლება ღია წყაროების ინფორმაციებით, დაგუგლონ და იქნებ რამე მტკიცებულებები აღმოაჩინონ
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას საგამოძიებო კომისია არ სჭირდება, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებით, დასკვნის გამოტანა შეიძლება ღია წყაროების ინფორმაციებით, დაგუგლონ და იქნებ რამე მტკიცებულებები აღმოაჩინონ

საგამოძიებო კომისიის საკითხის ახლა წამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ვერ აცნობიერებს ოპოზიციის ნაწილი, რას ნიშნავს, იყო თუ მთლიანად მოქალაქეების არა, საკუთარი ამომრჩევლის წარმომადგენელი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ეს ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შარშან, ივნისში აქვს დაყენებული საგამოძიებო კომისიის სახით და შემდეგ, დეკემბერში კი  – რეფორმების ჯგუფს. ორ პოლიტიკურ ჯგუფს ივნისსა და დეკემბერში უკვე აქვს წამოყენებული ეს ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის და მე მათ რამდენჯერმე შევახსენე, როდის აპირებენ ამის კენჭისყრაზე გამოტანას, მაგრამ გავიდა ნახევარი წელი, თითქმის ერთი წელი და არც კი გამოჰქონდათ ეს საკითხი. როდის გამოიტანეს? როდესაც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტმა რაღაც თქვა და ეს მიიღეს სიგნალად, რომ თავიანთი საპარლამენტო ბერკეტი უნდა აამუშაონ. ეს ხომ აჩვენებს, რამდენად არასერიოზულად უყურებენ ისინი ბმას საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან?! დააკვირდით, ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რა საკითხი გამოიტანონ პარლამენტში, განსაზღვრავენ არა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით და მოქალაქეების ინტერესით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ნიავი უბერავს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან თუ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა სწორი ნაბიჯი სანქციების მიზეზად დასახელებული ბრალდებების შესწავლა საპარლამენტო კომისიის მიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტს აქვს ზედამხედველობის ძლიერი ბერკეტები და დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ ინსტრუმენტის ამუშავების მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთადერთი – პროცესების რადიკალიზაცია და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის სახიფათო პოლიტიკური მიზანი.

„ოპოზიციის ასეთი ქცევა ორი რამის გამო არის არასერიოზული და ერთი რამის გამო სახიფათო. არასერიოზულია, რადგან ამას აკეთებენ არა საკუთარი მოქალაქეების კარნახით, არამედ იმ ნიავის მიხედვით, რომელიც ქვეყნის გარედან უბერავს და ამით განსაზღვრავენ საკუთარ დღის წესრიგს. მეორე, არასერიოზულია, რადგან თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვითაც, იმ დასკვნების გამოტანა, რაც დეპარტამენტმა გამოიტანა, შეიძლება ღია წყაროებში არსებული ინფორმაციებით და ამისთვის მათ საგამოძიებო კომისია არ სჭირდებათ; დასხდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ ანგარიშები, ცოტა შრომა გასწიონ და იქნებ ისინიც იმავე დასკვნამდე მივიდნენ და შემდეგ რამე მტკიცებულებები აღმოაჩინონ. რაც შეეხება სახიფათოობას, ჩვენ ვნახეთ, რა მსჯელობა მოჰყვა მთლიანად ამ პროცესს, მიდის პირდაპირ პიროვნული თავდასხმა სანქცირებულ მოსამართლეებზე, სხვა მოსამართლეებზე და ხდება სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ანუ, ფაქტობრივად, ვართ რადიკალიზაციის პროცესში და, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ამ ინსტრუმენტის ამუშავების მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთადერთი, პროცესების რადიკალიზაცია და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო პოლიტიკური მიზანი, როდესაც ოპოზიციის ნაწილს სურს სახელმწიფოს ერთ-ერთი შტოს, სასამართლო სისტემის მთლიანად დისკრედიტირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.