შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში გაამწესა ადამიანი, რომელმაც სტანდარტებზე არათუ შეიძლება, იზრუნოს, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო
ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის სამეთვალყურეო საბჭოში გაამწესა ადამიანი, რომელმაც არათუ რამე სტანდარტებზე შეიძლება, იზრუნოს, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როცა საუბარია ამა თუ იმ ადამიანის თანამდებობაზე გამწესებისას ოპოზიციის ჩართულობაზე, ჩართულობა კი არა, მათ ხელში როცა იყო ჩვენი ჩართულობის გარეშე ადამიანის გამწესება ბორდში, ვნახეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის სამეთვალყურეო საბჭოში გაამწესეს ადამიანი, რომელმაც არათუ რამე სტანდარტებზე შეიძლება, იზრუნოს, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, ამ შემთხვევაში ანტიქართული პროპაგანდის. მას შემდეგ, რაც ეს დეზინფორმაცია მხილებული იყო ყველას მხრიდან და მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა ამ საკითხს, იმდენი სტანდარტი და ეთიკაც არ ჰყოფნის, თქვას, რომ შეიძლება, არასწორად გაიგო და შეიძლება, რაღაც შეეშალა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული განაცხადა ბოლო დღეებში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს 2021 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ქართულმა მხარემ საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნაზე უარი უთხრა, რასაც ამერიკული მხარეც გამოეხმაურა, ხოლო მოგვიანებით, განცხადების ავტორმა, ლიკა ბასილაიამ განმარტა, რომ მან რაც თქვა, იყო სიმართლე და საელჩოს განცხადება არ ეწინააღმდეგებოდა მის განცხადებას.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებებთან საქართველოს პირველ არხს არავითარი კავშირი არ აქვს.
„სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრის განცხადება არ გამოხატავს არც არხის და არც ბორდის პოზიციას. ბორდის პოზიციას გამოხატავს სხდომაზე, წევრთა უმრავლესობით, კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილებები. საბჭოს წევრთა ცალკეული, მით უფრო პოლიტიკური განცხადებები არის ამ განცხადების ავტორის პასუხისმგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ მაუწყებელში მოქმედებს ქცევის კოდექსი, რომელიც გვავალდებულებს ჟურნალისტებს, ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალურები, თუმცა ეს ქცევის კოდექსი არ ვრცელდება სამეურვეო საბჭოს წევრებზე. ასე რომ, ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ლიკა ბასილაიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ თავად ლიკა ბასილაია“, – აღნიშნა მაკა ცინცაძემ.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 12 სექტემბერს ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.