ოპონენტებისგან პირდაპირ მოვისმინეთ, რომ ჰქონდათ ორი პირობა, რომელიც დოკუმენტში ვერ ნახეს წარმოდგენილი და ამიტომ, შეთანხმება ჩაშალეს. ეს ორი პირობა შეეხებოდა რიგგარეშე არჩევნებსა და რურუას თემას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მოდერატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„კრისტიან დანიელსონმა მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის ვერსიაზე ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები. აქ ჩვენი შვიდი ოპონენტი იყო წარმოდგენილი და შვიდივესგან მოვისმინეთ ტყუილები. დოკუმენტში არც ერთი სიტყვა რიგგარეშე არჩევნებზე, პლებისციტზე ან რაიმე ამის მაგვარზე არ არის. გარდა ამისა, შეხვედრის დროს ზეპირად ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ არ არსებობს რაიმე კითხვის ნიშანი ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ამიტომაც არის, რომ ჩვენი ოპონენტები ამ გარემოებიდან გამომდინარე გაბრაზებულები ჩანან. რამდენიმე მათგანმა უკვე დაიწყო თითქოსდა დისკრედიტაციის კამპანია ბატონი დანიელსონის და ბატონი მიშელის წინააღმდეგ. მოვისმინეთ რომ ის თითქოსდა მანდატს გასცდა, ვინაიდან მანდატის ნაწილი იყო შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ვინაიდან დოკუმენტში არ არის ასახული, ეს რაღაცნაირად მანდატს გაცდომაა. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ ეს დღეები მათგან ვიხილავთ დისკრედიტაციის კამპანიას დანიელსონისა და ბატონი მიშელის წინააღმდეგ.
ჩვენი ოპონენტებისგან პირდაპირ მოისმინეთ ის ორი ულტიმატუმი, რომელიც არ აისახა მოდერატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, ისინი ითხოვდნენ, როგორც ჩანს, ამის ასახვას და არ აისახა. საბოლოო ჯამში, მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, უარი თქვეს ამ დოკუმენტზე შეთანხმებაზე და შესაბამისად, ჩვენი ხელმოწერაც ამ კუთხით აზრს კარგავს. ხელი ცალკეულ პუნქტებს ვერ მოეწერებოდა. ჩვენი ოპონენტებისგან პირდაპირ მოვისმინეთ, რომ ჰქონდათ ორი პირობა, რომელიც დოკუმენტში ვერ ნახეს წარმოდგენილი და ამიტომ, შეთანხმება ჩაშალეს. ეს ორი პირობა შეეხებოდა რიგგარეშე არჩევნებსა და რურუას თემას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, შედეგებიდან გამომდინარეც ჩანს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან არანაირ კომპრომისი არ ყოფილა.
„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იცით, რა პაკეტიც არის ინიცირებული, ამასთან დაკავშირებით შენიშვნებიც კი არ არსებობს, არის რაღაც ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, ველოდებით მათ შორის ოდირის დასკვნას და საბოლოოდ ვარწმუნებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს საარჩევნო რეფორმა იქნება სამაგალითო. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ კუთხითაც სწორედ ჩვენი შეთავაზებები არის ასახული ამ დოკუმენტში, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს, უკვე ინიცირებული არის ეს პროექტი და მივიღებთ მალე. რაც შეეხება 2/3-ის საკითხს, ერთადერთი ჩვენი შენიშვნა შეეხებოდა დოკუმენტთან დაკავშირებით 2/3-ის პრინციპს, რომელზეც გვაქვს ძალიან მკაფიო არგუმენტები; მაგალითად ის, რომ არ იყოს საბოტაჟის შესაძლებლობა და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის, საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. ეს საკითხი სამუშაო ჯგუფის რეჟიმში განხილულიც იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად იყო დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
„ჩვენ შეხვედრაზეც არაერთხელ ვიკითხეთ ოპოზიციასთან, არიან თუ არა მზად მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს და მათ რამდენჯერმე განაცხადეს რომ ისინი არ მოაწერენ ამას ხელს. რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ გვქონდა შენიშვნა რაც შეეხებოდა 2/3-ის საკითხებს, ეს არ არის ჩვენგან პირველად ნათქვამი საკითხი, თუმცა ამ შენიშვნის განხილვამდეც არ მისულა საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დანიელსონის დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან კომპრომისების შედეგია.
სწორედ ჩვენი კომპრომისების შედეგი არის დოკუმენტი, რომელიც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი პოზიციები ემთხვევა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ამ შემთხვევაში ბატონი დანიელსონის, როგორც მთავარი მედიატორის პოზიციებს. ჩვენ გვქონდა შენიშვნა 2/3-თან დაკავშირებით, რაც არ არის არანაირად გადამწყვეტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ პროცესში ერთადერთი კონსტრუქციული ძალა იყო „ქართული ოცნება“ და მოლაპარაკება ჩაშალეს ოპონენტებმა.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, რაც შეეხება ოპოზიციის გაძლიერებას პარლამენტში, ამას შეთანხმების გარეშეც გავაკეთებთ და ამას ჩვენი მოქალაქეები დაინახავენ. შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ამ პროცესში ერთადერთი კონსტრუქციული ძალა იყო „ქართული ოცნება“. დღეს სწორედ ეს დაინახა ქართველმა ხალხმა, რომ ერთადერთი კონსტრუქციული ძალა იყო „ქართული ოცნება“ და რომ ოპონენტებმა ჩაშალეს ეს მოლაპარაკება იმით, რომ დაუყენეს ულტიმატუმი მოდერატორს – ჩაემატებინა საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული დოკუმენტში. მოდერატორმა ამაზე უარი უთხრა მათ და შესაბამისად, მათ ხელი არ მოაწერეს“, – განაცხადა შალმა პაპუაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.