შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს, ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, სექტორული კომიტეტების დონეზე.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნიდერლანდების მხარის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტები მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობისკენ მიმართულ გზაზე და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და მისი ნეგატიური შედეგები; აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ვითარება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შედიან დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე.