შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს წევრი ქვეყნისთვის რუსეთთან კავშირის ბრალდების წაყენებით, უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადებების დამაჯერებლობას აზიანებენ
როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან არის კავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებაზე კითხვის პასუხად აღნიშნა.
საუბარია დანილოვის გუშინდელ განცხადებზე, რომ ვლადიმერ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის მომზადების შესახებ და უნგრეთს უკრაინის ნაწილის წართმევის გეგმები ჰქონდა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი სახის განცხადებებით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადებების დამაჯერებლობას აზიანებენ.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი გვესმის ასეთი სახის ბრალდება, მოვისმინეთ საქართველოს მიმართ, მოვისმინეთ სომხეთის, აზერბაიჯანის, ახლა უნგრეთის მიმართ გვესმის ბრალდება. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან არის კავშირში. სამწუხაროდ, ამითი უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადებების დამაჯერებლობას აზიანებენ და შედეგიც არის ეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.