შალვა პაპუაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელ ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ძალისხმევა, მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნატო-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მიმოიხილა საქართველოს წვლილი საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიზნებს, განახორციელოს რეფორმები და მოელის ამ კუთხით პროგრესს. პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საჭიროა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია. ალექსანდრე ვინიკოვმა გამოხატა მზადყოფნა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.