შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, დოკუმენტში რა ეწერება, რადგან კონფრონტაციიდან თანამშრომლობაზე გადასვლა არ სურთ
მნიშვნელობა არ აქვს, დოკუმენტში რა ეწერება. ისინი არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერენ ხელს, რადგან შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას და კონფრონტაციიდან თანამშრომლობაზე გადასვლას, რაც არ სურთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, ძალაუფლება არადემოკრატიული გზით მიიღონ.
„მათ სურთ, ჩვენს ამომრჩევლებს ის გამარჯვება წაგლიჯონ, რომელიც 31 ოქტომბერს მოიპოვეს. „ქართული ოცნების” ამომრჩეველს გამარჯვება ძალით წაგლიჯონ და მიიღონ ძალაუფლება არა დემოკრატიული გზით, არამედ არეულობით, და ამით მღვრიე წყალში თევზის დაჭერით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.