შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის წარდგენის საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლებთან გაიაროს კონსულტაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის წარდგენის საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლებთან გაიაროს კონსულტაცია.
პაპუაშვილის თქმით, ვიცე-სპიკერად ასარჩევად საჭიროა უმრავლესობის მხრიდანაც მხარდაჭერა.
„ვნახოთ, მათი უფლებაა წარდგენა. მათ შორის, მნიშვნელოვანია, ამაზე უმრავლესობასთანაც ჰქონდეს მსჯელობა და კონსულტაცია, ვინაიდან საჭიროა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც მხარდაჭერა, რათა ვიცე-სპიკერი იყოს არჩეული. ასე რომ, მათ მოვუწოდებ, კონსულტაცია გაიარონ უმრავლესობის წარმომადგენლებთან“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.