შალვა პაპუაშვილი - მთავარი შემფასებელია მოსახლეობა, მთავრობას და პარლამენტსაც მოსახლეობა შეაფასებს 
შალვა პაპუაშვილი - მთავარი შემფასებელია მოსახლეობა, მთავრობას და პარლამენტსაც მოსახლეობა შეაფასებს 

საგნობრივი დისკუსია იქნება. ვნახოთ, ოპოზიცია როგორ მოიქცევა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  ოპოზიცია საკუთარ როლს მხოლოდ იმაში ხედავს, რომ ნებისმიერ საკითხზე კრიტიკული აზრი ჰქონდეს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მთავრობისა და პარლამენტის მთავარი შემფასებელი მოსახლეობაა.

„პრემიერ-მინისტრი სრულად ორიენტირებული იყო საქმეზე და იმ შედეგებზე, რაც მთავრობას ჰქონდა. გასაგებია, ოპოზიციის დამოკიდებულება, ისინი საკუთარ როლს მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ ნებისმიერ საკითხზე კრიტიკული აზრი ჰქონდეთ და შინაარსში არ შედიან. მთავარი შეფასება აქვს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ” ურთულესი მდგომარეობა – პანდემია და ოპოზიციის ყალბი კამპანია, პოლიტიკური კრიზისი დაძლია და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მოიპოვა. მთავარი შემფასებელია მოსახლეობა, ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობა შეაფასებს ამ მთავრობას და პარლამენტსაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.