პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა დამაზუსტებელ კითხვებს. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სურს დებატებში მონაწილეობა, რაც ვერ მოესწრებოდა, რადგან რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს ივნისის ბოლო პარასკევს 00:00 საათამდე. კახა კუჭავამ განაცხადა, რომ 28 ივნისს მოწვეული იქნებოდა რიგგარეშე სხდომა და ამისთვის პრეზიდენტს მიმართა.

დეპუტატებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დახურეს საგაზაფხულო სესია.

პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.