შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩვენთან ერთად შეძლონ კანდიდატის სტატუსის სრულფასოვნად ზეიმი, იმედგაცრუებული არიან, რომ ვერ ავნეს საქართველოს, დაფიქრდნენ, უღირდათ ქვეყნის მტრობა?
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩვენთან ერთად შეძლონ კანდიდატის სტატუსის სრულფასოვნად ზეიმი, იმედგაცრუებული არიან, რომ ვერ ავნეს საქართველოს, დაფიქრდნენ, უღირდათ ქვეყნის მტრობა?

მოვუწოდებ ოპოზიციას, გამოიტანონ დასკვნა, გვენდონ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად შეძლონ სრულფასოვნად ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „დღეს ოპოზიციაში ყველა ვერ იზეიმებს ამ გამარჯვებას, რადგან სამწუხაროდ, ბევრი ცდილობდა, რომ დაეცილებინა ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის“.

„ჩვენ ისევე, როგორც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ღია ვიქნები, რათა ოპოზიცია ჩაერთოს და დაეხმაროს საპარლამენტო უმრავლესობას ამ ნაბიჯების გადადგმაში. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ვხედავდით სამწუხაროდ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი დესტრუქციით იყო დაკავებული. გახსოვთ, სახალხო დამცველის არჩევის დროს სულ რამდენიმე ოპოზიციურმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი და შევძელით სახალხო დამცველის არჩევაც. გახსოვთ, როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ ეს ოპოზიციონერი დეპუტატები, როგორც პარტიების ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომ არ ყოფილიყვნენ თანამონაწილეები ევროპული პროცესისა. იგივე შეიძლება, ითქვას, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერის მხარდაჭერით შევძელით ჩვენ წევრების არჩევა, თუმცა აქაც დიდი წნეხი იყო პარტიებისგან და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ეს უნდა გაანალიზოს ოპოზიციამ და მიხვდნენ, რამდენად მართალი და სწორი იყო ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ნაბიჯი, რომლებიც მაშინ ენდნენ საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ ოპოზიციას, აქედან გამოიტანონ დასკვნა, გვენდონ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად შეძლონ სრულფასოვნად ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა. დღეს ყველა ვერ იზეიმებს ოპოზიციაში ამ გამარჯვებას, რადგან სამწუხაროდ, ბევრი პირიქით ცდილობდა, რომ დაეცილებინა ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის. ისინი სხვადასხვა კაბინეტებში ლობირებდნენ ევროპასა და ბრიუსელში გადადებულიყო გადაწყვეტილება, ან ისეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რომელიც დააზიანებდა მთლიანად სახელმწიფოს. მათ მოვუწოდებ, როდესაც არიან იმედგაცრუებული იმით, რომ ვერ ავნეს საქართველოს, დაფიქრდნენ, უღირდათ ასეთი მტრობა საკუთარი ქვეყნის? დაფიქრდნენ კიდევ ერთხელ და იქნებ გაიხსენონ, რამენაირად თავის გულიდან ამოიღონ ქვეყნის მიმართ სიყვარულის ემოციები და ახლა მაინც დაფიქრდნენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ვინც წავა, ის გამარჯვებული ვერასდროს იქნება, რადგან საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იქნება გამარჯვებული თავისი სიმართლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.