პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები.
„მოლდოვასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. ივნისიდან მოყოლებული ჩვენ ასევე ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიაროთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, ოლეგ სერებრიანის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია, როგორც ისტორიული, ასევე გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე.
„ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, როგორებიცაა სეპარატიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები,“ – აღნიშნა შეხვედრის დროს ოლეგ სერებრიანმა.