შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა 19-კაციანი სიის შემცირება რვა კანდიდატამდე.
„ახლა მთავარია, ყველა იმ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ, განსაკუთრებით, აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ დროს, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს.
მნიშვნელოვანია, კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ვერცერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.