შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მოვუწოდებ, იყოს კორექტული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის განზრახ, უხეშ დარღვევაზე საჭიროა სათანადო რეაგირება.
ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი მსხილაძის განცხადებას და მას კორექტულობისკენ მოუწოდა.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ქვეყნის ძირითად კანონზე და როდესაც ხდება ამ კანონის განზრახ, უხეში დარღვევა, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობოს მხრიდან დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უდიერად ეპყრობიან კონსტიტუციას. საუბარია, რომ კი, შეიძლება დაირღვა კონსტიტუცია, მაგრამ – ეს მაგრამ არის მიუღებელი და ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და სათანადო შეფასება მისცეს. ეს არის ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იზრუნოს, მისი კონსტიტუცია იყოს დაცული. ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, არავინ სცემს პატივს ჩვენს კონსტიტუციას. ევროპული სტანდარტია კონსტიტუციის დაცვა. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილების, კომპეტენციის ფარგლებში და არ მგონია, ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებზე ასეთი შეფასებები გამოხატოს. მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს განაცხადა: „პარლამენტში ჩემი მოსვლის მიზეზია, მენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ვნახავთ, რა დაწერეს, შემდეგ გვექნება პასუხი“.