შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ოპონენტები ჩამოყალიბდნენ, მზად არიან თუ არა დიალოგისთვის და ულტიმატუმის ენას შეეშვან
მნიშვნელოვანია, ოპონენტები ჩამოყალიბდნენ, მზად არიან თუ არა დიალოგისთვის და ულტიმატუმის ენას შეეშვან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, რას გულისხმობდა გრიგოლ ვაშაძე მოლაპარაკებების ჩაშლაში.
„ოპონენტებს მოვუწოდებდი, სხვა ქვეყნების დამამცირებელ კონტექსტში დასახელებას მოერიდონ, ეს არ არის დიპლომატიური ენა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე უფრო მნიშვნელოვანი რეაქცია იყო. მოლაპარაკებების ჩაშლაში რას გულისხმობდა, ვერ გავიგეთ. მთავარი იყო რეაქცია. ჩვენს ოპონენტებში არის დიალოგის მოლოდინი. მნიშვნელოვანია, ოპონენტები ჩამოყალიბდნენ, მზად არიან თუ არა დიალოგისთვის და ულტიმატუმის ენას შეეშვან. რაზე სურთ დიალოგი? დიალოგი იმაზე, რომ რევიზია ამომრჩევლის ნების მოხდეს, ამაზე ვერ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.