შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის მხრიდან კანდიდატი ვინ იქნება, მელიას შანსები იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის”, რომელიც აქციებსაც კი ვერ კრებს
მათ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ერთი მხრივ, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომელიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამგვარი დამოკიდებულება ამომჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებებისგან გაქცევაა.
„ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და არ დაარღვევს. ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლო თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც რადიკალურმა პარტიამ. ველოდები, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. კარგი იქნება, თუ ამ გზიდან გადაუხვევენ, მაგრამ ვნახოთ. ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ერთი მხრივ, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომელიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, რაც მათ დამოკიდებულებას აჩვენებს, რომ ამომჩევლის წინაშე აღებული ვალდებუკებებისგან გაქცევაა. უნდათ, რომ ამ დოკუმენტიდან მხოლოდ სიკეთეები მიიღონ და პასუხისმგებლობა არ აიღონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება თბილისის მეორობის კანდიდატს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის მხრიდან ვინ იქნება კანდიდატი.
„მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის მხრიდან კანდიდატი ვინ იქნება. „ქართული ოცნების” კანდიდატი ის იქნება, ვისაც გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. ნიკა მელიას შანსები იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის”, რომელიც საპროტესტო აქციებსაც კი ვერ კრებს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.