შალვა პაპუაშვილი - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გავა ყველა ადამიანური საზღვრებიდან, მოთმენა რთულია, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს და დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.
„უპირველესად, მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებას აფრთხილებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არეულობის გამოწვევას ცდილობს.
„ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია თავიდან ვერ ავიცილეთ.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა ათი დღე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ათი დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას გუშინ ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.