შალვა პაპუაშვილი - მივიღეთ პასუხი, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობას აგრძელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისია მუშაობას აგრძელებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიიღეს პასუხი, რომ კომისია აგრძელებს პროექტზე მუშაობას.
„ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილია, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის, კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.