შალვა პაპუაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მანდატურის სამსახურს, ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის, პატივი ვცეთ მუნდირს
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მანდატურის სამსახურს, ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის და მათ შორის ყველა კოლეგისგან, ოპოზიციონერი კოლეგებისგან, აქაც ბრძანდებით, ხშირად მოგვისმენია პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა პარლამენტის აპარატის მიმართ, მათი საქმიანობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა პარლამენტის წვერებს მოუწოდა, პატივი სცენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.
„პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ თხოვნა მექნება ყველას მიმართ, პატივი ვცეთ ჩვენი მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს, რადგან რთული სამსახურია. მინდა, მოგიწოდოთ, დაემორჩილოთ, სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ იყო ძალადობა მანდატურების მიმართ და კადრებშია აღწერილი.
რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, მართალია, ჩვენი მანდატური გვყავს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის სასახლეს იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები, როდესაც განსაკუთრებით გაძლიერებული რეჟიმია, ამ შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. მინდა, მათაც მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ვხედავთ, რომ უზრუნველყვეს, სრულად ყოფილიყო მშვიდი სამუშაო გარემო, რაც მთავარია, უსაფრთხოება პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის წევრების. სხვა არავინ აქ არ არის და მე დღესაც მოვისმინე თქვენი განცხადებები, თითქოს აქ არის კონტრტერორისტული სამსახური თუ რაღაც, სუს-ი. არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თამანშრომლები, რომლებიც იცავენ. მინდა, ყველას მოგიწოდოთ პატივი ვცეთ იმ წესირგს, რომელსაც, ვცდილობთ, რომ იყოს აქ. მიზანი არის უსაფრთხოება და სამუშაო გარემო. მათ შორის, გუშინაც, სამწუხაროდ, პარლამენტის წევრების მხრიდან იყო მანდატურების თუ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართ რაღაც დამუნათება, მორალის კითხვა, გთხოვთ, შეეშვათ ამას, პატივი ვცეთ მუნდირს. ეს ხალხი, საქმე საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებას დაიცავს საკუთარი სიცოცხლის ფასად და ვცეთ პატივი მათ. ყველას მოგიწოდებთ, ცოტა გარედანაც შევხედოთ საკუთარ თავს. მაგიდების აყირავება, ძალადობა ვნახეთ. არავის არ სიამოვნებს, როდესაც გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია, მაგრამ როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, რა თქმა უნდა, აქ საჭიროა დაცვა უსაფრთხოების. ძალადობა როდესაც არის ქცეული პოლიტიკის ინსტრუმენტად, იქ უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ გსურთ საკითხების განხილვა, დისკუსია, ამისთვის არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები, არ არის საჭირო ხმაურისთვის ან ძალადობისთვის მიმართვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.