შალვა პაპუაშვილი - მიხარია, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში აბსოლუტურად სხვა მიდგომებია ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით და ურთიერთობის ძალიან დადებითი დინამიკაა
მიხარია, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში აბსოლუტურად სხვა მიდგომებია მოსამართლეებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არის ურთიერთობის ძალიან დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თავად ელჩი მოწადინებულია, რომ სამწუხარო გამოცდილება, რომელიც მანამდე დაგროვდა, არ გაგრძელდეს და არ განმეორდეს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მადლობელი ვარ მოქმედი ელჩის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გამოსწორდეს ზიანი, რომელიც გარკვეულწილად მიადგა ამ ურთიერთობებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა წარსულში ქართველი მოსამართლეების დასანქცირების და მათ წინააღმდეგ მართული ბულინგის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ გვახსოვს, სტრატეგიული პარტნიორის საელჩოს თანამშრომლებმა რომ გაბედეს, მივიდნენ საქართველოს მოსამართლესთან, დაუსხდნენ და უთხრეს, ახლა მოგვიყევი, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და ჩაგვაბარე ანგარიშიო. არათუ უცხოელს, ქართველსაც კი ეკრძალება საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამის შემდეგ, ვინაიდან არ მოეწონათ და საკუთარ გუნდში ჩათვალეს, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა, დაასანქცირეს მოსამართლე, პროგრამებიდან ამოიღეს და ბულინგის სამიზნე გახადეს „ნაციონალური მოძრაობის“ მედიის და „ენჯეოების“ მხრიდან. ამის პირდაპირი მონაწილე იყვნენ „ენჯეოები“, მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველი იყო საქართველოს მოსამართლის და მისი ოჯახის წინააღმდეგ ამ სამარცხვინო კამპანიის მონაწილე. მოსამართლის ოჯახმა განიცადა მორალური ტერორი. მოსამართლე ჩხიკვაძემ თქვა, რომ ამის გამო მის ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ანუ, ადამიანს მორალურად დაესხა თავს აშშ-ის საელჩო, მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“, ყოფილი სახალხო დამცველი და „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ასე ესხმოდნენ თავს და მორალურად ანადგურებდნენ ადამიანს. ამ ყველაფერმა ჩაიარა, სტრასბურის სასამართლომ თქვა, რომ ეს მოსამართლე ყოფილა მართალი და ყველა სხვა დანარჩენი – მტყუანი. ორი კვირა გადის სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებიდან და გამოხმაურება არის ნული. რომელიმე „ენჯეომ“ გამოთქვა წუხილი, რომ შეეშალათ, დღეს რომ პათეტიკით გვესაუბრებიან, თითქოს ისინი არიან ქართული საზოგადოება? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოთქვა წუხილი? აშშ-ის საელჩომ ამაზე რამე განცხადება გააკეთა? ვინმემ საერთოდ მოიხადა ბოდიში ამასთან დაკავშირებით? ასე გადაუარეს ადამიანს მორალურად, მის ოჯახს, ტერორის ობიექტი გახადეს და ვითომც არაფერი, ჩაიარა ამ ყველაფერმა და გავაგრძელეთ ცხოვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, არასამათვრობო ორგანიზაციები აშშ-ის საელჩოს მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული.
„საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ადგილობრივი საელჩოს მხრიდან იქნა მომზადებული დოკუმენტაცია ამ ოთხი მოსამართლის სანქცირებისთვის და როცა ყოფილ ელჩთან მქონდა შეხვედრა, მას ვკითხე, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით? მან მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიმითითა ჟურნალ-გაზეთებზე, გაეცანით მედიას და იქ ამოიკითხავთ რაღაცებსო. აქ სტრატეგიულ პარტნიორობაზე რაღა უნდა ვთქვათ, როდესაც ასეთი უდიერი დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის წარმომადგენლობასთან და სასამართლოსთან, როდესაც შეიძლება, ადამიანი ასე უბრალოდ დაასანქცირო და თავს არც კი გრძნობდე ვალდებულად, ახსნა, რატომ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ომის პარტია უწოდა.
„გუშინ, როდესაც ქალბატონი სალომე ბრიფინგზე საუბრობდა, ალბათ წამოსცდა ეს საკითხი, თუ როგორ გადაუხვია საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ გზას. მაგალითად მოიყვანა ის, რომ სანქციები არ დავაწესეთ. მაინტერესებს, კიდევ ერთხელ გაიმეორებს თუ არა, რომ ითხოვს, საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს, ანუ საქართველო დადგეს რუსეთთან ომის რისკის ქვეშ და ამის გამო ჩავარდეს ეკონომიკურ კოლაფსში. მაინტერესებს, შეძლებს თუ არა ის კიდევ ერთხელ გამეორებას, რომ სანქციები დავაწესოთ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.