შალვა პაპუაშვილი - მგონი, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ორი ქვეყნის, საქართველოს და გერმანიის კონსტიტუციის დამრღვევი, საინტერესოა, ამ საკითხზე გერმანიის ხელისუფლების განმარტება
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შემიძლია, ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ახლა ვეცნობი, რომ მან ასევე შესაძლოა, დაარღვია გერმანიის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა გერმანიის ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„მგონი, ისტორიაში შევა ქალბატონი სალომე, რომელმაც ორი ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია იმ მხრივ, რომ როგორც ირკვევა და ამაზე საჭიროა განმარტებები გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არსებობს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო კამპანიაში. მახსოვს, მე გერმანიაში ვსწავლობდი, იყო საკითხი, თურქეთის წარმომადგენლებს შეეძლოთ თუ არა, ჩაეტარებინათ საარჩევნო კამპანია გერმანიაში მყოფი თურქი ეროვნების ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, საინტერესოა განმარტების მოსმენა, რასთან გვაქვს საქმე, დაარღვია თუ არა ქალბატონმა სალომემ ქართულთან ერთად გერმანული კანონმდებლობა და იყო თუ არა ეს დარღვევა სანქცირებული გერმანიის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.