შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, რა არის მართლმსაჯულების თემებზე იმ კონფერენციის ფასი, სადაც ზის წამების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი
სამწუხაროდ, ევროკავშირის სივრცე ქართველი კრიმინალებისთვის თავშესაფრად იქცა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ადეიშვილი არ არის ორდინალური კრიმინალი. ის არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში შექმნა წამების სისტემა, ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ღირებულებების საწინააღმდეგო სახელმწიფო სისტემის შემქმნელ ადამიანს აქვს ევროკავშირში გადაადგილების თავისუფალი სივრცე; იმ ევროკავშირში, რომელიც ჩვენ გვესაუბრება ღირებულებებზე, მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ამ დროს ვხედავთ, რომ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის, ბრიუსელში, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის დერეფნებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პირველ ჯერზე, როდესაც ადეიშვილი ბრიუსელში და გერმანიაში იყო, საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით ძალიან მწვავე რეაგირება ჰქონდა და, მათ შორის, ელჩებიც იყვნენ დაბარებული, რათა მათ ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ, რასთან გვქონდა საქმე.
„მაშინ ძირითადი განმარტება იყო, რომ არ იცოდნენ, იყო დელეგაცია და შეიძლება, არ დააკვირდნენ, ვინ იყო დელეგაციის შემადგენლობაში. ამ მხრივ, წუხილი იყო, ახლა კი ძალიან სპეციფიკური შემთხვევაა. ევროკომისია უკვე თავად არის ორგანიზატორი ჰააგაში ჩატარებული კონფერენციის. რა თქმა უნდა, იქ ყველა მისი მოწვევით იყო და, რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ სია, ვინ იყო იქ. რა თქმა უნდა, მათ მიიწვიეს ეს კრიმინალი მართლმსაჯულებაზე სასაუბროდ და მაინტერესებს, რა არის მართლმსაჯულების თემებზე ჩატარებული იმ კონფერენციის ფასი, სადაც ადამიანის წამების სისტემის შემქმნელი ზის? ასეთ კონფერენციებს ეს უკარგავს ფასს, ღირებულებას და, მათ შორის, მნიშვნელობასაც, როდესაც კრიმინალების ტოლერირება ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა ექნება, მას აუცილებლად ჰკითხავს, რა ხდება ადეიშვილის გადმოცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ევროპული ღირებულებების ნაწილი, რომ მეორე ქვეყანას გადასცენ კრიმინალი, რომელიც ხუთ საქმეზეა მსჯავრდებული და რომელსაც, ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა ბრიუსელში სხვადასხვა კაბინეტში ზის წამების სისტემის შემქმნელი ადამიანი და ამის შესახებ არც კი იციან.
„იმედი მაქვს, ეს არის მხოლოდ გულუბრყვილობა, მაგრამ იმედი მაქვს, ამ გულუბრყვილობიდან მაინც გამოიტანენ დასკვნებს და აღარ ექნებათ პრეტენზია, რომ ჩვენს კონტექსტს იცნობენ. როდესაც არ იცი, ვინ არის ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი კრიმინალი, მისი სახელი და გვარი, შესახედაობა არ იცი, წინ გიზის, მართლმსაჯულებაზე ელაპარაკები და ისიც არ იცი, ვინ არის, რა პირით უნდა ესაუბრო შემდეგ ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომ გვიცნობენ და ჩვენს კონტექსტს იცნობენ? ისინი ამ ტერმინებს იყენებენ, როცა ჩვენ ვეუბნებით, რომ, მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობა თქვენთან, ევროკავშირში არ არის და თუ კარგია, თქვენთან რატომ არ არის-თქო, გვეუბნებიან, ჩვენთან არ არის, მაგრამ თქვენ რაღაც სპეციფიკური ქვეყანა ხართ, ჩვენს დონემდე არ ხართ და, თქვენი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არის საჭიროო. ჩემი კონტექსტი როგორ იცი, როდესაც ისიც კი არ იცი, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი? ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ვინმე ჩვენს კონტექსტში ერკვევა? რა თქმა უნდა, ყოველ შემდეგ ჯერზე, როდესაც ამ კაბინეტებიდან სიტყვა კონტექსტი იქნება გამოყენებული, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რა იციან ჩვენს კონტექსტზე, ჩვენი ისტორიის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სისტემის შესახებ, ამ პარტიის შესახებ და ა.შ. თქვენ გახსოვთ, ძალაუფლების გადანაწილებაზე რომ გვეუბნებოდნენ და ვისთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც წამების სისტემა შექმნა? თავად, საკუთარ ქვეყანაში გაუნაწილებენ ძალაუფლებას რადიკალურ, ექსტრემისტულ პარტიებს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.