შალვა პაპუაშვილი - „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები ვითომ ცალკე გამოდიან, სინამდვილეში, ერთი ოჯახის წევრები არიან, ვნახეთ ამ ოჯახმა რა უბედურებაც დაატრიალა 2012 წლამდე
პრაქტიკაში ნანახი გვაქვს, რომ ერთადერთი კოალიცია, რაც კი არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ლელოც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და სხვა პარტიებიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„ორპროცენტიანი პარტიები რომ კოალიციებსა და ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ეს კიდევ ერთი დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდა ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ამიტომ ყველა ამ მარგინალურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პარლამენტში. ჩვენ ვნახეთ, რა იყო კოალიცია, ეს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. პრაქტიკაში ნანახი გვაქვს, რომ ერთადერთი კოალიცია, რაც კი არსებობს, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ლელოც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და სხვა პარტიებიც, რომლებიც ვითომ ცალკე გამოდიან, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წევრები არიან. ვნახეთ, ამ ოჯახმა რა უბედურებაც დაატრიალა საქართველოში 2012 წლამდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა „ქართული ოცნება“ „ლელოსთან“ დაკავშირებით, ყოველი მეორე განცხადება ამ პარტიას ეძღვნება“, – პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები კი არ ეძღვნება „ლელოს“, არამედ მმართველი გუნდი პასუხობს კითხვებს, რომლებიც მომდინარეობს „ლელოს“ კუთვნილი ტელევიზიიდან.
„ვიცით, რომ „ლელო“ არალეგალურად აფინანსებს სხვადასხვა მედიას. ეს პარტიული მედიასაშუალებები ააქტიურებენ ურეიტინგო პარტიის საკითხებს, ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, კითხვების დასმის გამო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შესაბამისი პასუხების გაცემაც უწევთ, სხვა შემთხვევაში კი, საგნობრივ საკითხებზე ურჩევნიათ საუბარი, მაგალითად, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიაზე.
„ვიღაცაზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ, რა ვქნათ, ჩვენთან ყველა ოპოზიცია ურეიტინგოა და მაშინ საერთოდ არავისზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ვინაიდან კითხვები დაისმება ხოლმე, გვიწევს პასუხი, თორემ საგნობრივ, შინაარსის მქონე საკითხებზე გვირჩევნია საუბარი, თუნდაც იმაზე, რომ შოვთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას, აბსოლუტურად სამარცხვინოს, გაეცა პასუხი. ის ადამიანები, მათ შორის თავს ჟურნალისტებს რომ უწოდებენ, ვგულისხმობ მთივლიშვილს, სტიქიის დღეებში პანიკას აწყობდა ტყუილებით და შემდეგ, სამწუხაროდ, ევროკავშირის კონკურსში ფინალშიც კი გავიდა ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კატეგორიაში სტატია, რომელშიც ტყუილები ეწერა. ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს ასეთი სახის სტატია. და ეს ხომ არ არის უბრალოდ ტყუილი, ამის მიზანი იყო პანიკის დათესვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტიქიის დღეებში, ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა. როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის, ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ჟურნალისტურმა სამყარომ ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და ამხილოს, ევროკაშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს ტყუილებით სავსე სტატია, თანაც განზრახული ტყუილით. ტყუილი იყო, თითქოს წინასწარ იყო ცნობილი, რომ იქ სტიქია იქნებოდა, ტყუილი იყო ის, რომ მდინარე იყო დაგუბებული დღეების განმავლობაში, ის, რომ ჯებირების კონსტრუქცია რომ ყოფილიყო, გადაარჩენდა სიცოცხლეს. თითქმის ყველაფერი, რაც იქ იყო, იყო ტყუილი. როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში ფინალამდე გადის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.