სალომე ზურაბიშვილი - იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს
სალომე ზურაბიშვილი - იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს

კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება.

„გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას.

თუ ევროკომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას, შეეცადონ, წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაშიც არ იციან, როგორ შეამცირონ პოლარიზაცია.

„ამ მხრივ მე არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის, როგორ შეამციროს პოლარიზაცია, არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ, არც ამერიკამ.

გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა.

მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.