შალვა პაპუაშვილი - კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა
მთავარი მიზეზი, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა, ეს იყო რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის ულტიმატუმი, რომ ამ დოკუმენტში კრისტიან დანიელსონს აესახა რიგგარეშე არჩევნებისა და გიორგი რურუას საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან განცხადებების კასკადი ვნახეთ, რომ ეს დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი, კოჭლი, ხელს არ მოაწერენ და ასე შემდეგ. მგონი, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, რომ სიმართლეა და რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, ტყუილი იყო. მთავარი მიზეზი, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა, ეს იყო რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის ულტიმატუმი, რომ ამ დოკუმენტში კრისტიან დანიელსონს აესახა რიგგარეშე არჩევნებისა და გიორგი რურუას საკითხი. ეს არ გააკეთა და აქედან გამომდინარე, მათ ეს დოკუმენტი კოჭლად მონათლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ვინ შლის მოლაპარაკებას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამას საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ხედავს.
„ბოლო თვეების განმავლობაში ყველამ დაინახა და ეს ადამიანები ლამის სახელებით და გვარებით ვიცით, და არა მხოლოდ პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შემოკრებილი ფლანგი, მათ შორის „ევროპული საქართველო“ და სხვა პატარა პარტიები. პოლიტიკური გადატვირთვა ჩვენს ოპონენტებს სჭირდებათ, ახლა ისინი ზედმეტად დატვირთული არიან რაღაც აზრებით. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის საჭირო და ის ნარატივი უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი, ეს არის შემდეგი ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რომელ კრიზისზე შეიძლება საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია. ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას, ასევე იმას, რომ ხელისუფლება არის ქმედითი. რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.